Friday, July 9, 2010

პრეზენტაცია


 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, საქართველომ იკისრა ვალდებულება - დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლება – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ მიღებული იქნა 1996 წელს.

საქართველოში პირველი სახელმწიფო გარემოსდაცვითი ორგანო შეიქმნა 1974 წელს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სახით. მისი საქმიანობა ძირითადად სახელმწიფო კონტროლისა და დარგთაშორისი კოორდინაციის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. 1991 წელს კი შექმნა გარემოს დაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემის ორგანიზება; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, მიზნობრივი პროგრამების, გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, მოქმედებათა ეროვნული პროგრამის და სამენეჯმენტო გეგმების შემუშავება და განხორციელება, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების, ქვეყნისათვის დამახასიათებელი იშვიათი, საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების, თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნარჩენების მართვის, ბირთვული, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვის (რეგულირება, ლიცენზირება, აღრიცხვა, ზედამხედველობა და კონტროლი) ფუნქციის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.
სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას და გარემოსადაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
დღეისათვის გარემოს დაცვის სფეროში საქართველო 15 საერთაშორისო კონვენციას არის მიერთებული, კიდევ 10 კონვენციასთან მიერთების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს - ეროვნული მოხსენებას, რომელშიც ასახულია ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, წარმოდგენილია ინფორმაცია გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის, მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტებისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგების თაობაზე.
სამინისტროს პრიორიტეტებია: საკანონმდებლო ბაზის გაჯანსაღება, 2010 წელს დასრულდება გარემოს დაცვის კოდექსის შემუშავება, გარემოს დაცვის ინსპექციის რეფორმა, სატყეო სექტორის მდგრადი განვითარება, დაცულ ტერიტორიებში ეკო-ტურიზმის განვითარება, კატასტროფების მართვა და პრევენცია, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.

წყარო: http://www.moe.gov.ge/