Saturday, May 15, 2010





მწვანეები

თბილისის ზოოპარკი

                                                        ზოოპარკი ქალაქიდან მიდის
                                                                                                                                      ელისო კავილაძე

„მზიურზე“ გამავალი ჩქაროსნული მაგისტრალი ზოოპარკს მიადგა. მაგისტრალის პროექტის ჩვენთვის უცნობ ავტორებს, როგორც ჩანს, „მზიურის“ გარდა ზოოპარკის არსებობაც დაავიწყდათ, რადგან ვაკე–საბურთალოს მოსახლეობისთვის მოძრაობის გასაიოლებლად შედგენილ ამ გრანდიოზულ პროექტზე მუშაობისას ცხოველები აღარ გაითვალისწინეს. მაგისტრალი ზოოპარკზე გადის.

პროექტი ჯერ არავის უნახავს. ამიტომ იმის თქმაც შეუძლებელია, თბილისის კიდევ რომელი რეკრეაციული ზონა შეეწირება მას. ეს სტატუსი 47 გამწვანებულ ტერიტორიას გაუუქმეს. ამდენად, თუ მაგისტრალს გზად ხეები შეხვდება, რომელთა გაჩეხვა საჭირო იქნება, რეკრეაციული ზონის განადგურებაში მერიის დადანაშაულებასაც ვეღარავინ შეძლებს. რაც შეეხება „მზიურს“... მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, საჩივრებისა და სასამართლო პროცესის დაუსრულებელი მოლოდინისა, გაჩეხილი ხეებისა, თითქმის განადგურებული პარკისა, მერიაში მიაჩნიათ, რომ საბავშვო ქალაქს საფრთხე არ ემუქრება.

ზოოპარკის შესახებ კი მერიაში ცხოველთათვის პირობების გაუმჯობესებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებები იგეგმება: უკვე გადაწყვიტეს ცხოველების ზოოპარკისათვის ცუდად შერჩეული ადგილიდან გადაყვანა, რა თქმა უნდა, უკეთეს ადგილას, სავარაუდოდ, თბილისის ზღვაზე. თუმცა ზოოპარკის გადატანას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.„კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის, ინფორმაციით, ზოოპარკის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ზოოპარკის დირექტორმა სატელევიზიო განცხადება გააკეთა და ერთადერთ მიზეზად ცხოველებისათვის არახელსაყრელი პირობები დაასახელა.

როგორც ბატონმა ლაშამ განაცხადა, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე მწვანე ზოლის განადგურება საბოლოოდ დაუკარგავს ვერეს ხეობას „თბილისის ფილტვების“ ფუნქციას. მისი თქმით, ხელისუფლებამ ზოოპარკამდე იპოდრომის განადგურება გადაწყვიტა და მისი ტერიტორია ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რურუასა და კვარცხელიას, მიზერულ თანხად ჩაუგდო ხელში. მაშინ საზოგადოების პროტესტის შედეგად იპოდრომზე დაწყებული მშენებლობა შეაჩერეს. ახლა კი „მზიურის“ გადასარჩენად საზოგადოება არ აქტიურობს: „რამდენჯერაც უნდა უარყოს ხელისუფლებამ, მათ მიერ დანიშნულმა ზოოპარკის დირექტორმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ზოოპარკის ტერიტორია დაიცლება ცხოველებისგან და ზოოპარკი სხვაგან გადავა.

მან ეს გადაწყვეტილება ცხოველებისთვის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობით გაამართლა. სააკაშვილის მმართველობის პირობებში ზოოპარკის გადატანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რადგან მერიის მიერ დასახელებული მიზეზი ხელოვნურია. ხელისუფლებას ამ ტერიტორიის სათავისოდ გამოყენება აქვს ჩაფიქრებული. აქ ძვირად ღირებულ საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ. რომ არა ეს მიზანი, ჩქაროსნულ მაგისტრალს ვაკის ფერდზე გაიყვანდნენ“.

ბატონი ლაშას აზრით, ახალი ზოოპარკისთვის დასახელებული ტერიტორია, თბილისის ზღვა, არახელსაყრელია ცხოველებისთვისაც. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ვერეს ხეობის განადგურების შედეგად თბილისი საბოლოოდ აღმოჩნდება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ვერეს ხეობა „თბილისის ფილტვებია“ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორიაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი და მიმდებარე მშრალი ხევის საშუალებით ნიავდება თბილისი.

იგი დედაქალაქის ერთადერთი სავენტილაციო არხია. ამიტომ ამ ხეობაში მწვანე საფარის განადგურება მნიშვნელოვნად აისახება ჰაერზე, რომლის ჩვენს ქალაქში დაბინძურებასაც, ძირითადად, მანქანების გამონაბოლქვი იწვევს. ვერეს ხეობის საშუალებით კი ღამით დაბინძურებული ჰაერი თბილისიდან გაედინება.“

რამდენად გაუმჯობესდება ზოოპარკის ბინადართა პირობები თბილისის ზღვაზე ან სხვა ადგილზე გადატანით, რთული სათქმელია, რადგან ზოოპარკის ხელმძღვანელობას არ აუხსნია, კონკრეტრულად რატომ არის ზოოპარკის ახლანდელი ტერიტორია შეუფერებელი ამ დაწესებულებისათვის.

თემქაზე ზოოპარკის გადატანა, რა თქმა უნდა, თემქის მოსახლეობას გაახარებს და თბილისის მერიაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ გარეუბნებზეც ზრუნავს, მაგრამ რამდენად მოსახერხებელი იქნება ქალაქის გარეუბანში თბილისის სხვა უბნებიდან ზოოპარკში სიარული? გარდა ამისა, არავის უთქვამს, რა ბედი ეწევა იმ იშვიათი ჯიშის მცენარეებს, რომლებიც ზოოპარკის ტერიტორიაზე ხარობენ, რამდენად შეეგუებიან ცხოველები სრულიად განსხვავებულ ბუნებრივ გარემოს? კითხვებზე პასუხები ჯერ არავის გაუცია.

წყარო: http://7days.ge/index2.php?newsid=862 

ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი სტატიაა(!).საბოლოო ჯამში არ მომეწონა, რადგან ძალიან სუბიექტურია– გამშჭვალულია შმოპოზიციური   სულისკვეთებით.და რაც მთავარია გამოსავალი არაა მოცემული.  არ ვიცი რაც წერია მართალია თუ არა მაგრამ ერთი ფაქტია, სიმწვანე და რეკრეაციული ზონები უნდა გაიზარდოს თბილისში. არის ძალიან დიდი ნეიტრალური ტერიტორიები, რომელთა გამწვანება აუცილებელია.

Monday, May 3, 2010

ეკოლოგია–მცირე ექსკურსი ვიკიპედიიდან.

     ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:

  •  ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.  
  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.



ეკოლოგიის დარგები :
  1. ანალიტიკური ეკოლოგია
  2.  ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია
  3.  გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია
  4.  გეოეკოლოგია
  5.  დინამიური ეკოლოგია
  6.  ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია
  7.  სოციალური ეკოლოგია
     წყარო:  http://ka.wikipedia.org/wiki/ეკოლოგია